"თითქმის ერთი წლის წინ ვიხილე მთელი ქვეყნის მომავლის საზიზღარი და სწრაფი განადგურება" - არტემ გრიბული

26.09.25 22:58
"თითქმის ერთი წლის წინ  ვიხილე მთელი ქვეყნის მომავლის საზიზღარი და სწრაფი განადგურება" - არტემ გრიბული

სინდისის პატიმარი, არტემ გრიბული ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ თითქმის ერთი წლის წინ მთელი ქვეყნის მომავლის საზიზღარი და სწრაფი განადგურება იხილა. 

მისი თქმით, ის არ ნანობს, რომ ათასობით მისთვის უცნობი ადამიანის და უცნობი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად აქციებზე გავიდა. თუმცა ნანობს, რომ სპეცრაზმელების და გაზის შეეშინდა. 

არტემ გრიბული წერილში მოქალაქეებს მოუწოდებს 4 ოქტომბერ არ გაიმეორონ შეცდომები, რომელსაც ახლა ის ნანობს. 

თითქმის ერთი წლის წინ მე ვიხილე მთელი ქვეყნის მომავლის განადგურება. საზიზღარი და სწრაფი განადგურება.

ეს ისე ნაცნობი იყო. ისე ჰგავდა იმას, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა ჩემს სამშობლოში. როგორც საქართველოში ათასობით სხვა ადამიანს, მეც არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი.

უკვე ციხეში მჯდომი ვცდილობდი, გამეგო: ვნანობ თუ არა ამას?

ვნანობ თუ არა, რომ გამოვედი ათასობით ჩემთვის უცნობი ადამიანის, საერთოდ ჩემთვის უცნობი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად და ამაში საკუთარი თავისუფლებითა და მომავლით გადავიხადე?

არა.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ არ გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა.

  • ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ადამიანების მცემელ "სპეცნაზელს", უბრალოდ ვუყურებდი.
  • ვნანობ, რომ როდესაც ქუჩა გაზით ივსებოდა, მე უკან ვიხევდი.
  • ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ჩვენკენ მორბენალ "სპეცნაზს", მეშინოდა და გავრბოდი.
  • ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს, არ ვცდილობდი მათ დაცვას.
  • ვნანობ, რომ დავნებდი ჯერ კიდევ რუსთაველზე მისვლამდე.

4 ოქტომბერს ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომებს, რასაც ახლა ვნანობ," - წერს არტემ გრიბული.

ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

[ფოტო: "პუბლიკა"]