შსს: “წითელი ხიდით” საქართველოში შემოტანილი თევზის საკვებიდან "ამოღებულია" 50 მლნ $-ზე მეტი ღირებულების 200 კგ. "ჰეროინი"
საქართველოში 200 კგ „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქეა დაკავებული - როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.
დარახველიძის თქმით, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული მ.ბ. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა.
ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - განაცხადა დარახველიძემ.