მამა დოროთეს ქადაგებები და დახურული შეხვედრა საპატრიარქოში - თეოლოგები ცენზურასა და რეპრესიებზე საუბრობენ

28.09.25 11:26
მამა დოროთეს ქადაგებები და დახურული შეხვედრა საპატრიარქოში - თეოლოგები ცენზურასა და რეპრესიებზე საუბრობენ

მამა დოროთეს საპატრიარქოში დაბარებას და მისთვის პასუხის მოთხოვნას თეოლოგები რეპრესიებს და ცენზურას უკავშირებენ. გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ ეკლესია „სტალინის ეპოქის ტროიკის მსგავსად“ იქცევა და სამღვდელო პირებს ქადაგებების გამო პასუხს სთხოვს. მისივე შეფასებით, ეს პროცესები კანონის ფარგლებს მიღმაა და მიანიშნებს ინსტიტუციის სრულ დეგრადაციაზე.

ამ ინსტიტუციას, რეალურად, ქრისტე გაძევებული ჰყავს ტაძრებიდან და შესაბამისად, სტალინის ეკლესიის კვალზე მიდის ისევ. რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ მათ, ეს გადაწყვეტილებები კანონიკის მიღმა იქნება დარჩენილი. შესაბამისად, მათ არ აქვთ არანაირად იმის უფლება, რომ ვთქვათ, ესა თუ ის მღვდელი საუბრობს ქრისტეს აცდენილ რამეს - არა. ეს იყო რუსული ტროიკის სახიერება ქართულ ეკლესიად წოდებულ დაჯგუფებაში. ტროიკა იჯდა და პასუხს სთხოვდა სამღვდელო პირს მისი გამონათქვამების გამო, - ამბობს თეოლოგი გოჩა მირცხულავა.

თეოლოგი გოჩა ბარნოვიც მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ეკლესიაში სრული „ვაკხანალიის“ სურათს აჩვენებს, სადაც არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, ხოლო ეპისკოპოსები ცდილობენ ნიადაგის მომზადებას მამა დოროთეს შესაძლო დასჯისთვის. 

გვიჩვენებს ეს ჩანაწერი, რომ ეკლესიაში არის სრუი ვაკჰანალია. აქ სრულად არ არსებობს რაიმე სამართლებრივი ინსტიტუტები, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პირველი ინსტანციის, მეორე და ა.შ. და საქმეების გარჩევა ხდება ეპისკოპოსების მიერ. მათ არაფრის ეშინიათ და თუ დამიჯერებთ, ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ. ამის ფონს ამზადებენ უკვე. თქვენ ნახეთ, რომ თავიანთი ერთგული ეპისკოპოსის სტეფანე გამოაგორეს ამ რამდენიმე დღის წინ და სტეფანე გარაჯიშვილმა დაიწყო თავისი ცნობილი სიმღერები, რომ დოროთე არის ერეტიკოსი. ერეთზე წარმოდგენა არ აქვს ამ ესპიკოსპოსს ისევე, როგორც სხვა არაფერზე და უკვე, ვფიქრობ, რომ ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდგომ მამა დოროტე დასაჯონ და ა.შ., - ამბობს გოჩა ბარნოვი.

TV პირველის მიერ მოპოვებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ 16 სექტემბერს საპატრიარქოში შედგა დახურული შეხვედრა, სადაც ოთხი სასულიერო პირი მონაწილეობდა: მიქაელ ბოტკოველი, ანდრია ჯაღმაიძე, იოანე გოროლიშვილი და დოროთე ყურაშვილი.

ჩანაწერის მიხედვით, ყურაშვილი საპატრიარქოში მისი ქადაგებებისა და საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს, მათ შორის იმ ქადაგებისთვის, რომელიც 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, ოპოზიციის მხარდაჭერის ფონზე გადაიცა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ მას „მორალური დაკნინება“ წაუყენა ბრალად.

დეკანოზი გიორგი ბოტკოველი ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს და აცხადებს, რომ საუბარი თავად ჩაიწერეს, თუმცა ახლა იკვლევენ, როგორ მოხვდა მასალა მედიის ხელში.