"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - სინდისის პატიმრების ნაცვლად "თბილისი მარათონზე" მათი ახლობლები მონაწილეობენ

28.09.25 12:15
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - სინდისის პატიმრების ნაცვლად "თბილისი მარათონზე" მათი ახლობლები მონაწილეობენ

„სინდისის პატიმრების“ მხარდაჭერა თბილისის მარათონზე - იმ აქტივისტებისა და მოქალაქეების ნაცვლად, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის ახლა ციხეში იმყოფებიან, სპორტულ ღონისძიებაში მათი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად დარბოდა თბილისის მარათონზე, წელს მისმა მეგობარმა ჩაანაცვლა. პატიმრობაში მყოფი პედაგოგის, ნინო დათაშვილის ნაცვლად კი მარათონში მონაწილეობა მისმა მეუღლემ მიიღო. 

მე მარათონზე ხშირად ვიღებ მონაწილეობას, უბრალოდ, წელს მაინც და მაინც სირბილის სურვილი ვერ მაქვს იმის გამო, რომ ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე არის დაჭერილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ციხეში ჯანმრთელობის გამო და არის უკანონო პატიმარი. იმის მაგივრად, რომ ასწავლიდეს, სწავლობდეს განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურაში და ასევე აკეთოს კვლევა, ის ციხეშია და ვერ მუშაობს. თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება თორნიკე თოშხუას, რომელმაც შარშან და შარშანწინ ირბინა 1 საათსა და 45 წუთში 21 კმ-ი და წელს ვერ იღებს მონაწილოებას. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! გამარჯვება საქართველოს!, - ამბობს ნინო დათაშვილის მეუღლე. 

 

 

დღეს თბილისი მარათონია, რომელზეც თორნიკე 2 წელია დარბის. დღეს ის მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან რეჟიმის ტყვეა, პატიმრობაშია. მის თავს ხდება გაუგონარი უსამართლობა და მე, როგორც მისმა მეგობარმა, გადავწყვიტე, რომ მოვიდე იქ, სადაც თორნიკე დარბოდა. მინდა, რომ მომავალ წელს თორნიკემ ისევ შეძლოს, გაირბინოს მარათონი. თორნიკეს ვეტყვი, რომ მხნედ იყოს, რომ გვენატრება, გვიყვარს, ველოდებით მას და მისი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თორნიკე მალე იყოს თავისუფალი, - ამბობს თოშხუას მეგობარი.