"ვინც რუსეთის აგრესიაზე დუმს, ის მტრის მხარეს დგას" - მამა დოროთეს საკვირაო ქადაგება

28.09.25 13:15
"ვინც რუსეთის აგრესიაზე დუმს, ის მტრის მხარეს დგას" - მამა დოროთეს საკვირაო ქადაგება

ქვემო ბეთლემის ტაძარში მამა დოროთეს საკვირაო ქადაგება დღეს განსაკუთრებულად მწვავე იყო. სასულიერო პირმა კვლავ რუსეთზე, როგორც ქვეყნის მთავარ მტერზე ისაუბრა და "ოცნების" ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი თქმით, მტრის შესახებ ხმას არ იღებს. დოროთეს თქმით, ვინც რუსეთის აგრესიაზე დუმს, „ავტომატურად მტრის მხარეს დგას“, ხოლო „ქართული ოცნება“ მტერთან ურთიერთობას ამყარებს და საკუთარ ხალხს უპირისპირდება.

ჩემს სიტყვაში არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო, მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვარიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენდამი და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც, საერთოდ, რუსეთს ვერ ახსენებს. გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აგდებენ, იმიტომ, რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ, რომ რუსეთის ეშინიათ. აი, ამას რომ ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს ერში თუ ბერში, ის ავტომატიურდა რუსის არის, ის ავტომატურად მტრის მხარესაა. და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ ის მტერია და "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს, - თქვა დღეს საკვირაო ქადაგებისას მამა დოროთემ. 

ქვემო ბეთლემის ტაძარში დღეს მრავალი მოქალაქე შეიკრიბა, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოეხატათ სასულიერო პირისთვის, რომელიც საპატრიარქოში მხოლოდ იმის გამო დაიბარეს, რომ მღვდლების დუმილი და „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

TV პირველის მიერ მოპოვებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ 16 სექტემბერს საპატრიარქოში შედგა დახურული შეხვედრა, სადაც ოთხი სასულიერო პირი მონაწილეობდა: მიქაელ ბოტკოველი, ანდრია ჯაღმაიძე, იოანე გოროლიშვილი და დოროთე ყურაშვილი.

ჩანაწერის მიხედვით, ყურაშვილი საპატრიარქოში მისი ქადაგებებისა და საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს, მათ შორის იმ ქადაგებისთვის, რომელიც 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, ოპოზიციის მხარდაჭერის ფონზე გადაიცა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ მას „მორალური დაკნინება“ წაუყენა ბრალად.

დეკანოზი გიორგი ბოტკოველი ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს და აცხადებს, რომ საუბარი თავად ჩაიწერეს, თუმცა ახლა იკვლევენ, როგორ მოხვდა მასალა მედიის ხელში.