მშენებლობის ნებართვა გაყალბებული ოქმებით - ვინ არის საქმის მთავარი ფუგურანტი ავთანდილ თევზაძე
ვინ არის ავთანდილ თევზაძე, რომელმაც ნახალოვკაში, სავარაუდოდ, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოიპოვა მშენებლობის ნებართვა? ირკვევა, რომ გარდა იმისა, რომ თევზაძე სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი იყო, ის ასევე ეკატერინე ხვედელიძის თანაკლასელის ქმარიცაა.
ადგილობრივები დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ მშენებლობის მიმდებარე შენობებში ცხოვრება შეუძლებელია. მათი თქმით, სახლებს უკვე ბზარები აქვს და ამ შენობებში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თევზაძემ მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბინებს ახალ კორპუსში მისცემდა. მოქალაქეების თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა და თევზაძემ მოთხოვნა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაუკმაყოფილა.
შემოვიდნენ აქ. ერთი უშიშროების მაღალჩინოსანი იყო, პაატა ნუცუბიძე, მეორე ავთო თევზაძე. მოათაფლინეს ეს დანარჩენი მოსახლეობა, რომ აი, აქ მალე აშენდება კარგი სახლები და ყვეას იქ გადაგიყვანთ. გარკვეულმა მესაკუთრეებმა, სხვის მაგირად ვინც მოაწერა ხელი, სიაში იყო ეტყობა დარჩენილი, მიცვალებულები არ ამოიღეს და ვიღაცამ ადგა და მიაჯღაბნა ხელი, რომ ესამოვნებინათ პაატასთვის და ავთოსთვის. თავი არ შეიწუხეს, რომ საჯარო რეესტრიდან ამოეღოთ ეს ადამიანები, რომ ეს ხალხი ცოცხალი აღარ არის და ამ ოთხ საქმეს აზრი არ აქვს? ეგრევე, მარტივად გაუყალბეს, - ამბობს ადგილობრივი.
მთავრობამ ხომ უნდა აღწეროს ვინს სად ცხოვრობს და რამდენნი არიან. 2009-ში მოკვდა დედაჩემი და დღემდე ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ხომ ხმა არის? მიცვალებული არ იტყვის არაფერს, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკთან გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძე „ყველაზე კორუფციონერ მერად და დედაქალაქის მთავარ მტრად“ მოიხსენია.
მისი თქმით, მერია და საკრებულო მფარველობენ კალაძის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს სამტრედიაში, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც უკანონო გზით, მილიონობით ლარის სარგებლის მისაღებად, თბილისელების ინტერესები შესწირა. კუპრაძის ინფორმაციით, ავარიული სახლების გვერდით 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გაყალბებული ამხანაგობათა ოქმებით დაიგეგმა, სადაც გარდაცვლილი მოქალაქეების ხელმოწერებიც ფიგურირებდა.
კუპრაძის შეფასებით, ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.