"მეგობრობის მარში" - თბილისში დღეს გერმანიის ელჩის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

28.09.25 17:20
"მეგობრობის მარში" - თბილისში დღეს გერმანიის ელჩის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

საქართველოს მოქალაქეები დღეს სიმბოლურად გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბებიან, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ ელჩ პიტერ ფიშერს, რომელიც ბოლო თვეებია „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმების სამიზნეა. ივანიშვილის გუნდი ფიშერს საქართველოში „რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაში“ ადანაშაულებს.

„მეგობრობის მარშში“ მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ისწავლეს, იმუშავეს ან მკურნალობა გაიარეს გერმანიაში და ახლა საქართველოში ცხოვრობენ. "საქართველოსა და გერმანიის მეგობრობას "ოცნება" ვერაფერს დააკლებს" - ეს იქნება დღეს აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი.

ეს პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვართ, პირველ რიგში, მადლიერი იმის, რასაც გერმანია ჩვენთვის აკეთებს, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმასაცა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ევროკავშირისა და შესაბამისად, მისი ხმა და მისი სიტყვა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებისა ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის საფრთხეებთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება ევროპისკენ გზას ვუჭერთ მხარს, - ამბობს  პროფესორი ანა ფირცხალაიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს შეხვდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.