მოსამართლე გზირიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონის გადახდა დააკისრა

29.09.25 12:29
მოსამართლე გზირიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას, ტრამპის გამასპინძლებისთვის, დაევალათ ხარჯის გადახდა. პრეზიდენტის მიერ შეძენილი პიჯაკების თანხის ანაზღაურება, ვაცლავ ჰაველის და ლეხ კაჩინსკის საფლავებზე მიტანილი ყვავილების ხარჯის ანაზღაურება და ა.შ. მხოლოდ პატიმრობა არ არის საკმარისიო, ამის პარალელურად, მოვალეთა რეესტრში უნდა აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია, ასეთია ბიძინას ვერდიქტი. მაგრამ ამ 9 მილიონიდან 1 თეთრი არ არსებობს, რაზედაც იქნებოდა მტკიცებულება, რომ ეს ვინმემ სახლში წაიღო. 9-ვე მილიონი მოხმარდა იმ საჭიროებებს, რაც იმ პერიოდში საპრეზიდენტო ინსტიტუტს, სახელმწიფოს წინაშე, არსებობდა. რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, არც თემოს, არც მიშას, 9 მილიონი კი არა, ის ყვარლის სახლს თუ გაუყიდიან მიშას, სინმადვილეში ამაზეა საუაბრი, დავალებაა პირდაპირ რუსული ხელისუფლებსი. მერე იქნებიან მოვალეთა რეესტრში, - აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაი. 

ცნობისთვის, ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.