ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიის პრეზიდენტს გიორგი კინოიანის საქმეზე რეაგირებას სთხოვს

30.09.25 11:46
ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიის პრეზიდენტს გიორგი კინოიანის საქმეზე რეაგირებას სთხოვს

ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გიორგი კინოიანის საქმეზე მიმართავს და რეაგირებას სთხოვს. 

მათი განცხადებით, საქართველომ, ამჟამინდელი პრორუსული მთავრობის პირობებში, არანაირი ნაბიჯი არ გადადგა კინოიანის სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა უნდა დადუმდეს. 

ევროპის სახალხო პარტია წერს, რომ გიორგი კინოიანის საქმეს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი ინდივიდის ბედია. 

ის ფაქტი, რომ საქართველომ, ამჟამინდელი პრორუსული მთავრობის პირობებში, არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ბატონი კინოიანის სამშობლოში, საქართველოში ექსტრადაციის თავიდან ასაცილებლად, არ ნიშნავს, რომ ევროპა შეიძლება დადუმდეს. 

პირიქით, ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვას ეხება. 

ამ საქმეს მნიშვნელობა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთი ინდივიდის ბედი. ეს არის გამოცდა სომხეთის სანდოობისთვის ევროკავშირთან დაახლოების გამოცხადებულ გზაზე. მებრძოლის ექსტრადაცია, რომელიც იცავდა უკრაინას და ევროპის საერთო ღირებულებებს, არა მხოლოდ დაარღვევს სომხეთის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის, არ გაძევების პრინციპს, არამედ შეარყევს ნდობას, რომელიც საფუძვლად უდევს მის პარტნიორობას ევროკავშირთან," - წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. 

  • 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
  • ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
  • ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
  • სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
  • ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე - რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, - არ მიუღია.
  • სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა.