სკოლებიდან და ბაღებიდან მოპარული ფული - დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე ირაკლი ზარქუას სიძეს?
დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე ირაკლი ზარქუას სიძე? -კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“, ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები.
კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ ტენდერების ნაწილი იმ დროს არის მოგებული, როცა კომპანიას ზარქუას დის ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა.
“პირველებმა“ როგორც ალექსანდრე ამისულაშვილთან, ასევე ირაკლი ზარქუასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.
- ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.
კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ ტენდერში არსებულ კორუფციის რისკზე ჯერ კიდევ 3 წლის წინ საუბრობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ კალაძის მეგობარი, ზარქუას სიძე, კორუმპირებულია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაინტერესდა.
“ამისულაშვილმა 12 მილიონი ლარი ავანსის სახით მიიღო, ყველა სკოლა და ბაღი დაშალა, მაგრამ არცერთი აუშენებია“,- ამბობს ის.
3 წლის წინ ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული ტენდერი კორუფციის რისკი შემცველი იყო, ზარქუას სიძემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცერთი პირობა, 33 მილიონის ღირებულების ტენდერი იყო, ყველა სკოლა და ბაღი დაშალა, მაგრამ არცერთი აუშენებია. 12 მილიონი ლარი ავანსის სახით მიიღო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ეს კომპანია უსასყიდლოდ გადააფორმა ფიზიკურ პირზე, რომელსაც არანაირი ქონება არ გააჩნდა, შემდეგ კი წავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს თავიდანვე იყო კორუფციული გარიგება, კორუფციის შემცველი მაღლი რისკის ტენდერი, რაც შეეხება აღნიშნულ გამოძიებას, ეს ადასტურებს კლანთა შორის ბრძოლას, ასევე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვუმტკიცებდით “ოცნებას“, რომ კალაძის მეგობარი, ზარქუას სიძე, კორუმპირებულია, და ეს ტენდერი იყო კორუფციის გზით გაფორმებული ტენდერი და მიითვისეს სახელმწიფო თანხა, ამბობს ბესიკ დონაძე.
ხელოსნები, რომლებიც “ლაგიკაპიტალმა“ სკოლების რემონტისთის დაიქირავა, “პირველებს“ ეუბნებიან, რომ წელიწადზე მეტია შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ. მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ მიმდინარეობს რაღაც დავა და მათი გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა, ანაზღაურების საკითხიც გადაიხედოს.
გვამუშავეს და არ მოგვცეს ფული, დაგვტოვეს ისე, ფანჯრები ამოვიღეთ, დავანგირეთ, “სწიაშკები“, რაღაც, სულ 15 ათასი იყო დასარიცხი, - ამბობს ტარიელ ზოზიაშვილი.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება "მილიონები ზარქუას სიძეს - აუშენებელი ბაღები ბავშვებს" ნახეთ აქ