სკოლების და ბაღების მოპარული ფული - ადგილზე, სადაც ზარქუას სიძის კომპანიას ბაღი უნდა აეშენებინა, დღემდე ჭაობი და ანტისანიტარიაა

01.10.25 11:44
სკოლების და ბაღების მოპარული ფული - ადგილზე, სადაც ზარქუას სიძის კომპანიას ბაღი უნდა აეშენებინა, დღემდე ჭაობი და ანტისანიტარიაა

მივა თუ არა ბიუჯეტის ძარცვის საქმეზე კვალი ირაკლი ზარქუას სიძემდე - გურიაში, სოფელ გურიანთაში 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი ერთ-ერთია, რომლის ასაშენებლადაც ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანიას დიდი ფული აქვს მიღებული, თუმცა, ბაღის ნაცვლად ადგილზე ახლა ნანგრევები, საქონლის თავშესაფარი, ორმოები და ანტისანიტარიაა.

„ტვ პირველი“ სწორედ იმ ადგილზე მივიდა, სადაც ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო. ბანერზე, რომელიც ჩვენმა კამერამ გადაიღო, გარკვევით წერია, რომ შენობა 2024 წლის აგვისტოში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა, დღემდე ბაღის ნაცვლად იქ კვლავ ჭაობი და ანტისანიტარიაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიტოვებული მშენებლობის ადგილის მოწესრიგება მოითხოვეს, რათა უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი, თუმცა უშედეგოდ.

მათივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ჰპირდებიან, რომ ბაღები აუცილებლად აშენდება, თუმცა როდის, ამას ვერავინ აკონკრეტებს.

ერთი წელია ასეა, ბავშვები ზოგს სოფელ მახარაძეში, ზოგი მერიაში, ზოგი ოზურგეთში დაჰყავს, ასე გადანაწილებულია, მასწავლებელბიც გადაანაწილეს. არაფერს გვეუბნებიან, ვითომ აშენდებაო და ვნახოთ, არჩევნების შემდეგ შეიძლება აშენდეს. დაგვპირდნენ, რომ ავაშენებთო, - ამბობს ადგილობრივი.

“პირველებმა“ სცადა კითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის დაესვა, თუმცა, ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, ამტკიცებდა, რომ ის არ წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობას და შესაბამისად, კითხვებზე არ გვიპასუხა.

ცნობისთვისმ, გუშინ, კომპანია “ლაგი კაპიტალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს.

კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“,  ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები. 

  • ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.