ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის ცოლმა
სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს - განსასჯელსი სკამზე მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძლაური ზის. დღეს სხდომაზე მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის, ძებნაში მყოფი, გიორგი ჯოხაძის ცოლი გამოიკითხა.
ელენე ძაძუამ დღეს სასამართლოში დაადასტურა, რომ გელა უძილაურს იცნობს, რადგან ის მისი ქმრის დაცვის წევრი იყო.
ძაძუა ირწმუნებოდა, რომ უძილაური ბოლოს, 2024 წლის იანვარში, ახლობლის სამძიმარზე ნახა და ეგონა, რომ 14 მარტს, როცა თბილისის ცენტრში "კანონიერი ქურდის" ძმა ჩაცხრილეს, უძილაური ომში იყო.
პროკურორი: 14 მარტს გელა უძილაური ხომ არ გინახავთ ?
ელენე ძაძუა: არა ბოლოს იანვარში ვნახე ოჯახის ახლობლის გურჩიანის გასვენებაში. 14 მარტს როცა გავიგე ჯანგველაძის მკვლელობის შესახებ, მაშინ ვიცოდი რომ ომში იყო.
კითხვაზე, სასტუმრო „თბილისი თაუერსში“ ნამყოფია თუ არა, ჯოხაძის ცოლმა უპასუხა, რომ „არ ახსოვს“. ხოლო კითხვაზე, ვისია აღნიშნული სასტუმრო, უპასუხა, რომ მისი მეუღლის ნაცნობ-მეგობრის, გიორგი ბოლაშვილის არის.
პროკურორმა, ლევან ვეფხვაძეს ელენე ძაძუას უძლაურთან გადარიცხულ თანხებზე ჰკითხა, რომელიც მისი ანგარიშიდან არის განხორციელებული.
„გელა უძილაურთან თანხები გაქვთ ჩარიცხული, ეს უცნაური არ იქნებოდა, რადგან ის მცველი იყო, რომ არა, ერთი გარემოება. იანვრის თვეში [როცა უძილაური მათთან უკვე არ მუშაობდა] ჩარიცხვები გაქვთ უძილაურთან. ეს თანხები რას უკავშირდებოდა?“ - მიმართა ჯოხაძის მეუღლეს პროკურორმა, რაზეც მან ზოგადი პასუხი გასცა.
იანვრის ბოლოს ჩემი ანგარიშიდან ფიქსირდება დარიცხვა გელასთან, მაგრამ რას უკავშირდება არ ვიცი გიორგის თხოვნით გადავრიცხე. შეიძლება გიორგისთვის გადავრიცხე მას არ ჰქონდა პირადი ანგარიში და შესაძლოა საწვავის ფული გადავურიცხე., - განაცხადა ძაძუამ.
კითხვაზე, 14 მარტს, როცა მკვლელობა მოხდა, თავად სად იმყოფებოდა, ან მისი მეუღლე, უპასუხა, რომ „არ ახსოვს“.
- პროკურორი: თქვენი მეუღლე სხვაგანაც რჩებოდა?
- ჯოხაძის ცოლი: კიი მაგრამ არ ვიცი სად, ყოველთვის არ ამბობდა.
- ჯოხაძის ცოლი: მე ჩემი საქმე მქონდა მას თავისი.
მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მისი მეუღლისგან, გიორგი ჯოხაძისგან გაიგო.
„გაოგნებული იყო თვითონაც, ორივე შოკში, გაოგნებული ვიყავით“, - განაცხადა ძაძუამ.
ჯოხაძის საქართველოდან წასვლის მიზეზზე დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ არ იცის.
„საზღვარგარეთ წავიდა. თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მიდიოდა... ორივე ბავშვს ვფიცავ, არ ვიცი, სად არის“, - განაცხადა ძაძუამ.
პროკურორის კითხვაზე, თუ როდის ჩამოდის მისი მეუღლე საქართველოში ან რატომ წავიდა, უპასუხა, რომ ეს მისთვის „არ უკითხავს“.
"პირველების" ინფრომაციით, დღეს ბრალდების მხარე აპირებდა ასევე ბრალდებულების, გიორგი მიქაძის, მამუკა ბაღდავაძის და გიორგი კაჭკაჭიშვილის გამოკითხვას, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამივე ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.