“ლაგი კაპიტალის“ წარმომადგენლების ადვოკატი: ორივე დაკავებული დუმილის რეჟიმშია

01.10.25 17:27
 “ლაგი კაპიტალის“ წარმომადგენლების ადვოკატი: ორივე დაკავებული დუმილის რეჟიმშია

გადაუფორმა თუ არა ფორმალურად კომპანიის წილები ირკალი ზარქუას სიძემ კორუფციის  ბრალდებით დაკავებულებს -კითხვას ბესიკ და ალექსანადრე ბერძენიშვილების ადვოკატი ჯერ ვერ პასუხობს.

უფლებამცველი ამბობს, რომ ორივე დაკავებული დუმილის რეჟიმშია და არ იცის, გამოძიებისთვის დაკავებამდე ჩვენება მისცეს თუ არა.

ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, აქვს თუ არა ჩვენება  მიცემული ვერ გეტყვით, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ, შესაბამისად, მისცა თუ არა ჩვენება დაკავებამდე, ჩემთვის უცნობია, -ამბობს ლევან სეფიაშვილი.

ადვოკატმა არც ის იცის, გამოკითხულია თუ არა ზარქუას სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი.

ამასთან დაკავშირებითაც არ მაქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ 90- ტომიანი საქმეა და გამოკითხულთა წრე საკმაოდ ვრცელი იქნება. არც წილების ჩუქებაზე ვიცი არაფერი, რადგან საქმის მასალებს არ გავცნობიბართ, - ამბობს ადვოკატი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ, კომპანია „ლაგი კაპიტალის“ 2 წარმომადგენელს პროკურატურამ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარუდგინა.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.