მოპარული მილიონები - სოფელ მერიაში ტერიტორია, სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო, ჭაობად არის ქცეული

01.10.25 18:33
მოპარული მილიონები - სოფელ მერიაში ტერიტორია, სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო, ჭაობად არის ქცეული

გურიაში სამ საბავშვო ბაღზე 23 მილიონი გამოიყო, თანხა მთლიანად ათვისებულია, თუმცა ოზურგეთის სოფელ მერიაში დაპირებული ბაღის შენობის ნაცვლად, რომელიც ზარქუას სიძის, ალექსანდრე ამისულაშვილის, კომპანიას "ლაგი კაპიტალს" უნდა აეშენებინა, დიდი ჭაობია. 

საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის საჯარო სკოლაა, თუმცა სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის და არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული. 

ბავშვები, რომლებიც წესით ახალ ბაღში უნდა სწავლობდნენ, ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, რომელიც ამავდროულად ავარიულია. 

საბავშვო ბაღის თანამშრომლების თქმით, მათ დაპირდნენ, რომ ახალ შენობას ააშენებდნენ და ელოდებიან, როდის შესრულდება ეს პირობა. 

კითხვაზე აწუხებთ, თუ არა რომ 32 ბავშვი ავარიულ შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, ამბობენ, რომ აწუხებთ და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. 

რა ვქნათ, ჩვენ რა ძალა გვაქვს.. ვაიმე როგორ არ გვაწუხებს," - ამბობს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ცნობისთვის, კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. 

  • ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2 პირი – ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა,  2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.