"დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა ფიზიკურად გამსწორებოდა" - "პუბლიკას" ჟურნალისტი
"დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა ფიზიკურად გამსწორებოდა" - ამის შესახებ "პუბლიკას" ჟურნალისტი, მინდია გაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს მანდატურის უფროსი, დავით მატიაშვილი პირადად დაემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, "პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შეიყვანდა".
არცერთ თემაზე მსჯელობა ან ფიქრი არ მინდა, რაც გელა ხასაიას არ უკავშირდება. თუმცა, თავის დაზღვევისთვის და პრევენციისთვის სჯობს ეს პოსტი დავწერო.
გელას პროცესის დაწყებამდე დავით მატიაშვილი პირადად დამემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შემიყვანდა“. იქვე აღნიშნა, რომ იცის რასაც და როდის ვიღებ. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში ძალით მოქცეული მუქარა იყო - იმას ერიდება, რომ პირდაპირ მითხრას - ოთახში შეგიყვან და დაგლეწავო.
დღეს სასამართლოს შენობაში არაფერი გადამიღია. ამის მიუხედავად, გელას პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დამსწრეთა და ჟურნალისტების გადაწყვეტილება მიიღეს, წყნარად და მშვიდად ვტოვებდი შენობას.
დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა - წიხლის ჩარტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი.
ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი, ნათია გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც.
არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული და რამეს თუ გეგმავენ, მაგრამ უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს, რამე რომ დააბრალონ ნებისმიერს, საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს.
მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედია ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება. ამ ეტაპზე ამ თემაზე აქ ვწყვეტ საუბარს. ისაუბრეთ და იმსჯელეთ გელას და სინდისის პატიმრების აბსურდულ საქმეზე," - წერს მინდია გაბაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლშო ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე დამსწრე მოქალაქეებს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი და სხვა თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
[ფოტო: "პუბლიკა"]