ადვოკატი განმარტავს, რატომ არ არის ზვიად რატიანის მიერ სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული

02.10.25 14:20
ადვოკატი განმარტავს, რატომ არ არის ზვიად რატიანის მიერ სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოეტი ზვიად რატიანის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს  - ადვოკატი მარიამ პატარიძე განმარტავს, რატომ არ არის ზვიად რატიანის მიერ სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული

მისი თქმით, ზვიად რატიანის მიერ მოქნეულ ხელს არ გამოუწვევია იმ ტიპის ტკივილი, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა და ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში. 

ზვიად რატიანის ქმედებაში არ იყო საფრთხე - არც ფიზიკური და არც ინსტიტუციური;
ზვიად რატიანის მიერ მოქნეულ ხელს არ გამოუწვევია იმ ტიპის ტკივილი, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა. ამასთანავე, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების მტკიცებას. ამ პირობებში თუ განაჩენი ბრალად წარდგენილი მუხლით დადგება, მივიღებთ რეალობას, როდესაც, განუჭვრეტელი მუხლის ფარგლებში, თავდასხმა დაყვანილია ტკივილის აღქმის სუბიექტურ განცდამდე, რაც კიდევ უფრო დიდ სივრცეს დატოვებს მუხლის მანიციპულაციური განმარტებისთვის.
არცერთი მტკიცებულებით, გარდა პროკურორის ვარაუდისა, არ დასტურდება რომ ეს სიმბოლური ქმედება გამოწვეული იყო დაზარალებულის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქმედება მოტივირებული იყო სიძულვილით ან სამართალდამცველის საქმიანობის ხელშეშლის მიზნით", - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს - პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად რატიანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.