ადგილობრივების თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, უკვე 2 თვეა, მშენებლობა შეჩერდა
ადგილობრივების განცხადებით, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეჩერებულია. პროექტზე მომუშავე თანამშრომლების განცხადებით, კომპანიამ ისინი თავიდან მხოლოდ 2 დღით დაითხოვა, თუმცა უკვე ორი თვეა ადგილზე მუშები აღარ იმყოფებიან. ასევე მათი განცხადებით, ხელფასები ერთი თვით დააგვიანეს.
ადგილზე მისულ "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს არცერთი მუშა არ დახვდა.
ანაკლიის პორტის დირექტორი "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობა არ შეჩერებულა და გასაგრძელებლად ნებართვას ელოდებიან.
არ არის შეჩერებული, შიდა პროცედურები გვაქვს, შესაბამის ნებართვას ველოდებით მშენებლობის გაგრძელების უფლების," - ამბობს ზურაბ სიჭინავა.
პროექტის მენეჯერის, სალომე ხიჯაკაძის განცხადებით, სამუშაოები ნამდვილად დასრულდა და ახალ ფაზას ელოდებიან. მან ასევე დაადასტურა, რომ მუშებს ხელფასი ერთი თვით დაუგვიანდათ.
ამ წუთასაც მიმდინარეობს სამუშაოები, სამუშაოები არ გაჩერებულა, უბრალოდ, კონკრეტული რაღაც დიზაინის ნაწილი დამთავრდა და ეს დიზაინის ახალი ნაწილი ახლა გრძელდება, რომ ვემზადებით უშუალოდ მშენებლობისთვის...
ხელფასები ნამდვილად ეგრე მოხდა, ნამდვილად დაგვიანებით არის ჩარიცხული, მაგრამ ხელფასები ჩაირიცხა იმიტომ, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ შემოსავლებზე, ჩვენთანაც გვიან ჩაირიცხა თანხები, აქედან გამომდინარე გვიან მოხდა ანაზღაურება. ეს მოხდა ერთადერთი თვე," - ამბობს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მენეჯერი, სალომე ხიჯაკაძე.