მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს - განცხადება

02.10.25 16:43
მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს - განცხადება

მედიის წარმომადგენლების მიმართ სასამართლოს შენობაში განხორციელებულ ძალადობას "მედიის ადვოკატირების კოალიცია" ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  “ქართული ოცნების” სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა.

როგორც "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს, ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ამას მოწმობს ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ 400-ზე მეტი დაფიქსირებული ინციდენტი. 

“ქართული ოცნების” სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილებაა. 
1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას’ ჟურნალისტმა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, მას პირდაპირ დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არაერთხელ. 
იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის  საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა. 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. „ქართული ოცნების“ სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.
ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის ანმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა. 
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ.
საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა, საერთაშორისო ყურადღება გადამწყვეტია თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული სახელმწიფოს გადასარჩენად", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.