სად გაქრა სპეცრაზმი აჭარაში?
"პირველების" ინფორმაციით, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან თბილისში ათეულობით ავტომობილი და სპეცრაზმელი გადაიყვანეს.
"TV პირველის" წყაროს ინფორმაციით, აჭარაში სპეცრაზმის მხოლოდ ერთი ოცეული დატოვეს, დანარჩენები კი თბილისში 4 ოქტომბრის აქციისთვის გაგზავნეს.
"პირველების" გადამღები ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მხოლოდ სამოქალაქო მანქანები დგას. ბაზაზე არ გამოჩენილა არცერთი სპეცრაზმელი და სპეცდანიშნულების მანქანა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათაც აქვთ. მათი თქმით, სპეცრაზმმა წვრთნები აჭარაში გაიარა, შემდეგ კი თბილისში კოლეგებს შეუერთდნენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კახა მიქელაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" აქციაზე კაზინოს დაცვის თანამშრომლებიც კი გაჰყავს.
არამარტო სპეცრაზმი, გადასული არიან კაზინოს დაცვის თანამშრომლებზე. სახელით და გვარებით ვიცით, ლოკაციები ვიცით, რა ლოკაციაზე მოხდა მათი შეკრება და წაყვანა. ასე, რომ ყველას მივმართავ, მეგობრებო 2 დღეში მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ქართველი ხალხი და ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება, ამიტომ ნურავის ნუ შეაყვანინებთ თავებს შეცდომაში," - ამბობს კახა მიქელაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ლაშა ხოზრევანიძის თქმით, "ოცნებას" ქართველი ხალხის ეშინია და სპეცრაზმის აჭარიდან დედაქალაქში გადაყვანაც ამისი გამოხატულებაა.
ხელისუფლება შეშინებულია, ეშინია ქართველი ხალხის და სწორად ეშინია, ქართველი ხალხის ერთად დგომის ეშინია და ეს ნათელი დადასტურებაა, ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, თითქოს ჩაქვის საწვრთნელი ბაზა სპეცრაზმისგან ცარიელია, ეს ნათელი გამოხატულებაა, რომ ეშინია. ალბათ, საქართველოს მასშტაბით და სხვა რეგიონებიდანაც მოხდება მობილიზება ძალოვანი სტრუქტურებით, ქართველი ხალხის დასაშინებლად. ეს ხომ ემსახურება, რომ ვიღაც დააშინონ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა და გავაფრთხილო "ქართული ოცნება", რომ ამის შანსი არ აქვთ უბრალოდ, ქართველ ხალხს არ ეშინია ასეთი რაღაცების.
ჩვენი პარტია "ახლები", რა თქმა უნდა, ჩვენ კოალიციასთან ერთად ვუერთდებით ამ აქციას, შევუერთდებით ქართველ ხალხს," - განაცხადა ლაშა ხოზრევანიძემ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თემურ გორგაძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, "შეეგუოს, რომ ქართველ ხალხს უნდა გადააბაროს ხელისუფლება".
რუსული ხელისუფლება 13 წლის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა, თუმცა ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ერთობას. ამიტომ გარდაუვალი არის საქართველოს და ქართველი პატრიოტების გამარჯვება. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, რუს ოლიგარქ, ივანიშვილს შეეგუოს იმას, რომ ქართველ ხალხს უნდა გადააბაროს ხელისუფლება," - ამბობს თემურ გორგაძე.
მიშა ბოლქვაძის თქმით, თუ ვინმეს ეშინია, ეს "რუსული ოცნებაა". "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი აღნიშნავს, რომ აქციებზე, მოქალაქეების მხრიდან შიში არასდროს უნახავს.
შიში, მე რაც ვნახე ყველა აქციაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხოლმე, პირიქით, თუ ვინმეს ეშინია ეს არის რუსული ოცნება," - აცახდებს მიშა ბოლქვაძე.