"გელა ხასაია 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელია, რომელსაც რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია" - ზურა ჯაფარიძე

02.10.25 17:50
"გელა ხასაია 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელია, რომელსაც რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია" - ზურა ჯაფარიძე

"მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს და გელა ხასაიას დაკავებას ეხმიანება. 

მისი თქმით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გალიდან თბილისში რუსებთან კომფლიქტის გამო გადმოვიდა, ცოტახანი საზღვარგარეთ იცხოვრა და ბოლოს საქართველოში დაბრუნდა, მას შემდეგ კი "კპზ"-დან "კპზ"-მდე ცხოვრობს". 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, გელა ხასაია "მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია".

გელა ხასაია როცა გავიცანი აფხაზეთზე წერდა/ლაპარაკობდა, უსამართლობას აპროტესტებდა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ვინც კი რაიმეს სთხოვდა. 

მერე, როცა შედარებით უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს სამი ‘’საქმე’’ იყო რისთვისაც დილით იღვიძებდა და ლოგინიდან დგებოდა.

გალიდან არის და ღრმა ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა გადაწერილ ისტორიას, რომელსაც იქ ასწავლიდნენ. 

ცოტა რომ წამოიზარდა, იმდენი ირბინა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშით, სანამ რუსების მხრიდან დასაჭერად არ გაუხდა საქმე და აქეთ გადმოვიდა.

ბევრმა არ იცის, რომ ცოტახანი ევროპაში ცხოვრობდა. 

ცოტახანი იმიტომ, რომ ვერ ძლებს ვერსად ამ ქვეყნის მიღმა. 

აქედან ბევრი მიდის და ცოტა ბრუნდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით. ის დაბრუნდა და ცხოვრობს ‘’კპზ’’-დან ‘’კპზ’’-მდე.

ამაზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს - ყოველ ჯერზე, როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ ‘აფხაზური მილიცია’ და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას. 

ამიტომ არასდროს დასჭირვებია დამატებითი მტკიცებულება, რომ “ქართული სირცხვილი” სინამდვილეში რუსული მმართველობაა.

დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის და რაზეც სულ ფიქრობს. 

დედა, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობს, რადგან ვეღარ გადადის გალში. ხშირად ელაპარაკება ტელეფონით.

ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა. საერთოდ არაფერი. 

როდესაც წლების წინ მისმა ოჯახმა რაღაც თანხას მოუყარა თავი, რომ მისი მომავლისთვის რამეში დაებანდებინათ, ადგა და სოხუმში იყიდა პატარა ბინა. 

კი, ერთადერთი რაც აქვს, არის პატარა ბინა სოხუმში და რწმენა, რომ იქ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება. 

ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ როგორც კი აფხაზეთში დავბრუნდებით, იმ ბინაში უნდა დავთვრეთ.
ახლა, ალბათ, წევს საკანში და ნერვიულობს, რომ ვიღაცას რაღაცაში დახმარებას დაჰპირდა და ვერ შეუსრულებს.

ეს არის გელა ხასაია.

50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია. 

რამდენჯერმე გაასამართლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისთვის და ახლაც ვიღაცისთვის ხელის მოტეხვას ტენიან, რომ 4-6 წლით გაუშვან ციხეში.

მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია.

ბოლოშა!" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, გუშინ, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აქტივისტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.   

იხილეთ ასევე: