თუ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, საზოგადოება ნახავს კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერს, რა ხდება სასამართლოში - ბესო ალავიძე
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესო ალავიძე ამბობს, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება იმის, თუ როგორ ხდება სასამართლოში საქმის გარჩევები.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ მის მიმართ განხორციელდება რაიმე სახის მუქარა, ან პროკურატურა გაბედავს საქმე შემოატრიალოს მის წინააღმდეგ, ამ ჩანაწერს “ტვ პირველს“ გადასცემს.
ალავიძე ურჩევს მოსამართლეებს, რომ დღესვე დაწერონ განცხადება წასვლაზე.
„მე ვურჩევ კლანის წევრებს და ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ. წავიდნენ, დაწერონ დღესვე განცხადება. თუ ისინი გაბედავენ, რომ ჩემ მიმართ მუქარას განახორციელებენ, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ და ამასაც მოისმენს საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა - ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. ახლა ვნახოთ, დაველოდოთ რა მოხდება.
…ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ამ მტკიცებულებაში ასახულია სქემა, როგორ ხდება სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, როგორ ხდება წინასწარ გარიგება მოსამართლეებთან და ვაჭრობა მორჩილების მიზნით, თუ მორჩილი არ იქნება და ამ მორჩილებაში არ დარწმუნდებიან, მაშინ არ გნიშნავენ.
ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ. არავისგან არაფერს არ ველოდები. არც დღევანდელი დღე არ ყოფილა დაგეგმილი, როგორც უყვარს ხოლმე ხელისუფლებას, შეთანხმებული არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ადრე თუ გვიან ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ახლა ეს მომენტი დადგა. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა როცა სახელწმიფოში არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობს და ყველა ერთი კაცის მორჩილებაშია, ძნელი არის
…ამ ჩანაწერის ფიგურანტი ვარ მე, ჩემ მიმართ ხორციელდება საქმის გარჩევა და მეორე მხარეს გახლავთ სასამართლო კლანის წევრები“, - განაცხადა ალავიძემ.
მისი თქმით, გაჩუმების სანაცვლოდ მოსყიდვის არაერთი მცდელობა იყო.
დღეს გავრცელებულ ჩანაწერში , რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლით თარიღდება, ყოფილი მოსამართლე საუბრობს ზეწოლის, მუქარის, ქრთამის შეთავაზების ფაქტებზე. ის არაერთხელ ახსენებს ე.წ. კლანის წევრების სახელებსაც. ალავიძე ვრცელ ჩანაწერში საუბრობს არაერთ საქმეზე, მათ შორის „რუსთავი 2-ისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე.