მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ზვიად კუპრავა პატიმრობაში გაუშვა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მანამდე კი დღეს პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ზვიად კუპრავამ და ქრონოლოგიურად მოუყვა სასამართლოს მისი დაკავების დეტალები.
ასევე, მან უარყო, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და მოითხოვა გამოძიებამ ამოიღოს შესაბამისი ვიდეო.
"მე ბედნიერი ვარ, რომ თავი არ დავუხარე ბიძინა ივანიშვილს. მე მიმაჩნია, რომ ის არის ქვეყნის მტერი და მიმაჩნია, რომ ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მმართველობას.
რაც პროკურორმა ბრძანა, არის ტყუილი. დილით ბავშვი მივიყვანე სკოლაში, შემდეგ ჩემს საქმეზე მივდიოდი, „მოლში“ მანქანა იქ გავაჩერე, სადაც მომიხერხდა და შევნიშნე, რომ შავებში ჩაცმული პირების მობილიზება მოხდა, რამაც მაიძულა, რომ მანქანაში ჩავკეტილიყავი, რადგან საფრთხე ვიგრძენი. რომ მცოდნოდა, პოლიციელები იყვნენ, საფრთხეს არ ვიგრძნობდი.
5-6 პოლიციელი იღებდა ვიდეოს… ბიძინა ივანიშვილი 6 წლით მიპირებს პატიმრობაში დატოვებას, კეთილი ინებოს გამოძიებამ და ამოიღოს ეგ ვიდეო და ნახავთ, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევდი.
რაც შეეხება მეორე ბრალს, ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, რადგან ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს, არამედ დავემუქრე კერძო პირს.
ერთი თხოვნა მაქვს, გლდანის ციხეში გამამწესეთ, რადგან ოჯახთან ახლოს ვიყო. იმედი მაქვს, ჩემი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება", - მიმართა მოსამართლეს ზვიად კუპრავამ.
ცნობისთვის, სუს-მა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეოს გამო დააკავა.