ვასაძე: ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკებმა ჩემი ოჯახის ანგარიშები დაბლოკა

02.10.25 23:28
ვასაძე: ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკებმა ჩემი ოჯახის ანგარიშები დაბლოკა

პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.

როგორც ვასაძე წერს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ საბანკო მომსახურება მას და მის ოჯახს სხვა ბანკებმაც შეუზღუდეს.

"კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება", - წერს ვასაძე.

დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი მთავარი პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და პრორუს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სანქციები 19 სექტემბერს დაუწესა.