სინდისის 11 და 8 პატიმრის საქმეები მსჯავრდებულების უფლებადამცველებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს
სინდისის 11 და 8 პატიმრის საქმეები მსჯავრდებულების უფლებადამცველებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების, ნინო გალუსტაშვილისა და თამარ მჭედლიშვილის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები უკანონო და დაუსაბუთებელია.
აპელანტები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ორივე მოსამართლემ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
თამარ მჭედლიშვილმა სინდისის სამ პატიმარს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ისინი ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მიიჩნია.
დანარჩენ 16 მსჯავრდებულს კი 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა დაბუა, გურამ მირცხულავა, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და ვალერი თეთრაშვილი.
[ფოტო: "პუბლიკა"]