ჩემი გაშვება უნდოდათ უბნიდან - კომისიის წევრი ოპოზიციიდან
მარნეულში, სოფელ ალგეთის მე-17 საარჩევნო უბნის გახსნა პრობლემებით დაიწყო. “ლელო ძლიერი საქართველოს“ კომისიის წევრს კომისიის თავმჯდომარე უბნის დატოვებას სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ გადასატან ყუთთან ერთად უნდა ემოძრავა და ევლო კარდაკარ.
ადგილზე „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, პრობლემა მოგვარდა და ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი ადგილზე დატოვეს. თუმცა, დროდადრო კომისიის თავმჯდომარე ცდილობს მასთან მოლაპარაკებას, უბნის დატოვებასთან დაკავშირებით.
ერთადერთი წარმომადგენელი ვარ პარტიის უბანზე კომისიის წევრი ვარ და ჩემი გაშვება უნდოდათ უბნიდან გადასატან ყუთს უნდა გაყვეო. არსად არ მივდივარ, - ამბობს კომისიის წევრი.
ამასთან, როგორც ირკვევა რამდენიმე უბანზეა მსგავსი შემთხვევა- კომისიის თავმჯდომარეები “ლელოს“ წარმომადგენლებს უბნის დატოვება სთხოვენ.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება.
- მათ შორის არის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
- 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას ეძლევა.
- ცესკო-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.