პოლიტიკურად მოტივირებული, ცინიკური და აბსურდული ბრალია - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი

05.10.25 11:14
პოლიტიკურად მოტივირებული, ცინიკური და აბსურდული ბრალია - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან. ნაწილ მათგანს ადვოკატები ამ წუთებში ხვდებიან.

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძის ინტერესების დამცველი ამბობს ბრალს აბსურდულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ირაკლი აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან, რომელმაც თავად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები და ძალაუფლება მიიტაცა, ამგვარ ბრალზე საუბარი, უხერხულია.

მისივე თქმით, ბრალზე და უფრო მეტ დეტალზე საუბარს საქმის მასალების გადაცემის შემდეგ შეძლებს. 

ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ, ხშირ შემთხვევაში ცინიკურ და აბსურდულ ბრალდებებს ჩვენ მიჩვეული ვართ, საზოგადოება მიჩვეულია და მორიგი მსგავსი პოლიტიკური ბრალდება ისროლა ახლა ხელისუფლების დაკვეთით ე.წ. სამართალდამცავმა სისტემამ. გადატრიალების მცდელობაზე გვესაუბრება რეჟიმი, რომელმაც ერთი წლის უკან დანაშაულებრივი ძალადობით, დანაშაულებრივად ამომრჩევლის მოსყიდვით , დანაშაულებრივად არჩევნების გაყალბების გზით დაეუფლა ძალაუფლებას და რეჟიმს, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს ამ დანაშაულებრივი არჩევნების ჩატარების გამო. 

ამ ვითარებაში საუბარი და დაბრალება იმაზე, რომ ვინმე რამის ძალადობრივად შეცვლას ცდილობს, არის, უბრალოდ, აბსურდი. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ნადირაძეს, მე მასთან ახლა პირველად შევალ. არ ვიცი მისი მდგომარეობა, არ ვიცი საქმის მასალები, რომელსაც ბრალის გაცნობის შემდეგ გადმოგვცემენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ამის შემდეგ შეგვეძლებბა უფრო მეტ სამართლებრივ დეტალზე საუბარი, - ამბობს აბესაძე. 

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები