მხნედ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობითაც შეძლებისდაგვარად - ბურჭულაძის ადვოკატი

05.10.25 11:23
მხნედ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობითაც შეძლებისდაგვარად - ბურჭულაძის ადვოკატი

ბატონი პაატა მხნედ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობითაც შეძლებისდაგვარად, - ამის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა მიდი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა. ლევან ყველაშვილის თქმით, მეტ დეტალზე საუბარს მას შემდეგ შეძლებს, რაც ბრალიდ დადგენილებას გაეცნობა. 

სამი საათი ველოდეთ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წინ. არ დაუშვეს საშვები. საბოლოო ჯამში, მერე გადავინაცვლეთ უკვე დიღმის იზოლატორთან და როდესაც მოხდა უკვე დიღმის იზოლატორში შესახლება, ამის შემდეგ უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ბატონ პაატას. რაც შეეხება მის განწყობას, მხნედ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობითაც შეძლებისდაგვარად, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რომ ზიანი მიიღო აქციაზე. დეტალები საქმესთან მიმართებით ჯერჯერობით ჩვენთვის არის უცნობი, ვინაიდან მათ შორის, არ არის წაყენებული ბრალი. უახლოეს 48 საათში დაკავებიდან უნდა წარდგეს ბრალი და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მეტ დეტალზე საუბარი, - ამბობს ლევან ყველაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ისინი ახლა ბრალის წარდგენას დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებიან.