“ბრძოლა არ შეწყდება, ჩვენ ბიჭები გვყავს ციხეში“ - აქტივისტები ამბობენ, რომ კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

05.10.25 13:43
“ბრძოლა არ შეწყდება, ჩვენ ბიჭები გვყავს ციხეში“ - აქტივისტები ამბობენ, რომ კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

ოპოზიციის ლიდერების დაკავებების მიუხედავად, თბილისში პროტესტი არ შეწყდება.

აქციების ორგანიზატორები ის მოქალაქეები არიან, რომლებიც  თითქმის ერთი წელია ქუჩიდან უწევენ მშვიდობიან წინააღმდეგობას ივანიშვილის რეჟიმს.

ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე უკანონო ტყვეეები ციხეებს არ დატოვებენ, - ამბობენ აქტივისტები და აცხადებენ, რომ დღესაც შეკრების ადგილი კვლავ რუსთაველის გამზირი იქნება.

პროტესტი დიდი ხანია გრძელდება, ის არასდორს იყო დამოკიდებული არავისზე, არცერთ აქტორზე და მითუმეტეს იმ ადამიანებზე, ვინც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობას იბრალებენ. ჩვენ ვიცით, რომ 4 ოქტომბერი არ იყო არავის მიერ დაორგანიზებული, ეს იყო არჩევნების დღე, რომლის დროსაც, პროტესტის მონაწილე საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ არ მიდიოდა არჩევნებზე და აპირებდა რუსთაველზე გამოსვლას, შესაბამისად, ეს პაატა ბურჭულაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამოიყენა იმისთვის, რომ დაეწყო ხმამაღალი საუბარი ამ ყველაფერზე. ადამიანებს აქვთ შინაგანი განცდა, რომ ცვლილებებია ქვეყანაში საჭირო. “ოცნების“ ამომრჩევლებსაც აქვთ ეს განცდა, უბრალოდ ამ ოპოზიციურ სპექტრში ვერ ხედავენ გამოსავალს. რეალურად ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი არ არსებობს და ადამიანებს, შიშველი ხელებით, მხოლოდ ქუჩიდან შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი გამოვხატოთ და პოლიტიკური პროცესი არ არის დაწყებული, პოლიტიკურად არ მიმდინარეობს იმ საკითხების განხილვა, რატომ არის ცვლილებები საჭირო, - ამბობს  ბექა ხალიბეგაშვილი.

ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს კიდევ ერთი აქტივისტი, ლაშა ჯანჯღავა. მისი თქმით, “ბრძოლა არ შეწყდება, ჩვენ ბიჭები გვყავს ციხეში.“

ჩანს ის, რომ ამ ხალხს უნდა ცვლილებები, მე, ჩემი მეგობრები და ასევე სხვა დანარჩენი ადამიანები კონკრეტული ადამიანების გამო არ გამოვსულვართ, მანდ რეალურად იმისთვის გამოვედით, რომ გვინდა ცვლილებები და ის, რომ ნორმალური საზოგადოება შევიკრათ, ვისაც ექნება დაცული ადამიანის უფლებები და სხვა უფლებებიც. ბრძოლა არ შეწყდება, ჩვენ ბიჭები გვყავს ციხეში. არასწორი მესიჯი იყოს ის, რომ ერთ დღეში ეს შეიძლება დამთავრდეს. არა, ბრძოლა გრძელდება, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ძალა, რათა ერთად დავდგეთ და დავოგრანიზდეთ, - ამბობს ჯანჯღავა.

აქტივისტები ამბობენ, რომ რადგან პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ბრძოლა შეწყდება. შესაბამისად, 5 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქცია უკვე ჩაინიშნა. 

 

მსგავსი სიახლეები