სომხეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დააკავეს - ვანო საბაშვილს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

06.10.25 13:40
სომხეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დააკავეს - ვანო საბაშვილს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

სომხეთის სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ქართველი მოქალაქე, ვანო საბაშვილი დააკავეს. ცნობილია, რომ საქართველოს საზღვარზე არც მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ფედერაცია მასზე ძებნას ახორციელებდა.

საბაშვილი უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონში მსახურობდა, ხოლო მანამდე რვა წლის განმავლობაში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე.

კინოინის შემდეგ საბაშვილი უკვე მეორე ქართველია, ვისაც ოკუპანტ სახელმწიფოში ექსტრადიცია ემუქრება.

ვანო საბაშვილის ახლობლის ინფორმაციით, ის სომხეთში დასაქმების მოტივით წავიდა. 

უკრაინაში წავიდა ბავშვებს და ქალებს უნდა დავეხმაროო. მაგის გამო დააკავეს. პატარებს უნდა დახმარებოდა. ჩემი ახლო ნათესავია. უკრაინაში 1 თვე იყო. სამხედრო სამსახურშიც იყო საქართველოში და რომ დააკავეს, დიდ მანქანაზე მუშაობდა, ტრაილერზე. ერთ სამ დღეში გაიგეს, ჩადიან სანახავად. დახმარება უნდა საქართველოდან, მთავრობიდან, რომ რუსეთს არ გადაეცეს, - ამბობს საბაშვილის ახლობელი. 

საბაშვილის საქმით ახლა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები არიან დაკავებულნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა კინოიანის დაკავების ანალოგიურია და სომხეთის მხარე იგივე სამართლებრივ პრაქტიკას იყენებს. ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის დასაცავად არაფერს აკეთებს. 

სავარაუდოდ, იგივე პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთი ზუსტად იგივე პრაქტიკას გამოიყენებს ყველას შემთხვევაში, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის და ამიტომ სომხეთი იურიდიულად ასრულებს ამ პროცედურებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ სომხეთის შიდა პროცესებიდან გამომდინარე, უფლებადამცველებმა და პოლიტიკურმა ძალებმა, ამაზე განცადებები გააკეთონ, რომ ეს არის მიუღებელი და ძალიან სამწუხხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ ნაბიჯს არ დგამს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად, - ამბობს ადვოკატი. 

მისცემენ თუ არა ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას, თუ გადასცემენ ოკუპანტ ქვეყანას, ცნობილი მალე გახდება, რადგან საბაშვილს საექსტრადიციო ვადა ეწურება.  

მსგავსი სიახლეები