აქტივისტები: კაცი, რომელმაც პატრულს ყელში დანა ჩაარტყა, მანამდე აქციის მონაწილეებს ემუქრებოდა
სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, კაცი, ვინც ქეთევან წამებულის გამზირზე პოლიციელს დანით გაუსწორდა, რამდენიმე დღით ადრე, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსაც ემუქრებოდა.
სამოქალაქო ატივისტების თქმით, 34 წლის მალხაზ გიგუაშვილი ხშირად დადიოდა აქციებზე და პროვოკაციებს აწყობდა. ისინი 2 ოქტომბრის ამბავს იხსენებენ, როდესაც მან ძალოვან უწყებაში დარეკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შავი ყუთი მიიტანეს.
მათივე თქმით, 3 ოქტომბერსაც, დედაქალაქის მთავარ გამზირზე გიგუაშვილი დანებით გადაადგილდებოდა.
2 ოქტომბერს, ცრუ ინფორმცია გავრცელდა, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა შემოიტანესო შავი ყუთი, პოლიციელები იყვნენ შემოსულები, ეძებდნენ შავ ყუთს და როგორც მერე აღმოჩნდა, თვითონ ამ პიროვნებას დაურეკია და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელებია. უკვე 3 ოქტომბერს, ისევ გამოჩნდა ეს პიროვნება პარლამენტის მიმდებარედ, სხამდა პროვოკაციულ კითხვებს, აქციის მონაწილეებთან შედიოდა კონტაქტში, რაზედაც აქციის მონაწილეებმა პოლიციას უთხრეს, რომ იყო პროვოკატორი და განერიდებინათ ადგილს. მათ განარიდეს, თუმცა, რამდენიმე წუთში კვლავ გამოჩნდა ტერიტორიაზე. პატრულს გამოექცა სავარაუდოდ და ჯორჯაძისა და რუსთაველის კვეთაზე წაიქცა, რა დროსაც ხალხი მივიდა დასახმარებლად და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა 5 დანა, ყველამ დაინახა ეს. პოლიცია რამდენი წუთი ელაპარაკა და წაიყვანა. სამართალდამცველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყო ის და რას წარმოადგენდა და მაინც გაუშვეს, - ამბობს ლევან ზაზაძე.
მალხაზ გიგუაშვილი რომ აქციაზე ცივი იარაღით გადადგილდებოდა, კიდევ რამდენიმე აქტივისტმა ნახა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მისი პოლიციელთან გასაუბრების შემდეგ, დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მას კარგად იცნობდნენ.
გარშემო მისი კუთვნილი ნივთები იყო მომიფანტული, ერთ-ერთი დანა დავინახე, ჩანდა, რომ ნამდვილად ცივი იარაღი იყო. პატრულები იყვნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ეს ბიჭი ეუბნებოდა, თქვენიანი ვარო. გავიგეთ იქ მყოფებმა. მერე დარეკეს და უთხრეს, რომ ჩვენიანიაო, ეს ფრაზა ყურში ცუდად მოგვხვდა და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიციელები ამ ადამიანებს კარგად იცნობდნენ, - ამბობს თეა გოჩიტაშვილი.
ამ ადამიანს ჰქონდა დანა და ნამდვილად მცდელობებიც შეუნიშნავთ პროვოკაციის, ამ პოლიციელმაც თქვა, რომ მაგას ცივი იარაღი აქვსო, მე ვუთხარი, თუ იარაღი აქვს, ასეთი ხალხი უნდა მოაშოროთ ტერიტორიას და სათანადოდ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა მეთქი, აქციის მონაიწლები ჰყვებოდნენ, რომ ეს მანამდეც შენიშნეს, ასე დადიოდა წინა დღეებშიცო, - უყვება “პირველებს“ თეა ბახტაძე.
ცნობისთვის, მალხაზ გიგუაშვილი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა.
რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კაცი, სანამ პოლიციელს ყელის არეში დაჭრიდა, სამართალდამცავებმა კახეთის გზატკეცილზე გააჩერეს. უპოვეს დანები, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.