ჯანაშია ამბობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ითხოვს “თავისუფლების მოედნის” ანგარიშებს, მაშინ, როცა პარტიად არ არეგისტრირებენ
ანტიკორუფციულმა სამსახურმა ისტორიკოსსა და განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას პირადი საბანკო ანგარიშებისა და შემოსავლების მონაცემების გადაგზავნა მოსთხოვა - მიზეზად მისი წევრობა მოძრაობა „თავისუფლების მოედანში“ დაასახელეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ჯანაშია წერს.
ამგვარ მოთხოვნას სიმონ ჯანაშია აბსურდად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, მოძრაობა პარტიად ჯერ არც არის რეგისტრირებული, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება მას უკვე როგორც პოლიტიკურ პარტიას ისე ეპყრობა. მისი შეფასებით, ასეთი ქმედება მოქალაქეების დაშინებას და პოლიტიკური ჩართულობის ჩახშობას ემსახურება, რაც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პირად სივრცეზეც იძალადებს, როცა საქმე ოპოზიციურ აზრს ეხება.
ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია თავისუფლების მოედნის წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო. დამატებით, თქვენ პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა ეგეც გამოაყოლეთო.
ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა ქ.ოცნებამ. ჰოდა, აი ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდებით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!
რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია. მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ, - წერს სოციალურ ქსელში სიმონ ჯანაშია.