ლიკვიდაციის საფრთხე და დუმილი სისტემაში - იურისტები ალავიძის განცხადებაზე დაყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

06.10.25 15:30
ლიკვიდაციის საფრთხე და დუმილი სისტემაში - იურისტები ალავიძის განცხადებაზე დაყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სკანდალური განცხადების შემდეგ იურისტები განგაშის სიგნალს სცემენ. საქმე ეხება ბესარიონ ალავიძეს, რომელმაც 5 დღის წინ განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაციის საფრთხე არსებობს.

იურისტის კახა კოჟორიძე პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისად, არსებობს საფუძველი და ვალდებულება, რომ საქმე გამოძიებული იქნას. 

ინფორმაცია, რომელიც არის გავრცელებული, შეიცავს მძიმე დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს გამოძიების დაწყების ვალდებულება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გამოდის, ამბობს, თან მონათხრობს კი არ ამბობს, ამბობს, რომ თვითონ იყო იმ დანაშაულებრივი მასზე ზეწოლის მონაწილე, როცა უშუალოდ მასზე განხორციელდა, კონკრეტულ საქმეებს თვლის და გარემოებებს აღწერს და ამბობს, რომ ეს ჩემს წინ მოხდა, მე მაიძულეს, მე ასე მომექცნენ და თვითმკვლელობამდე ლამის მიმიყვანეს. ამას ყვება ეს ადამიანი და ბუნებრივია, აქ ორი აზრი არ შეიძლება, იყოს, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ცლსახადა არსებობს, - ამბობს კოჟორიძე. 

ამავე აზრს იზიარებს იურისტი ნიკა სიმონიშვილიც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლეები, რომლებიც ალავიძის წინა განცხადებებსიც ფიგურირებდნენ, დუმილის რეჟიმში არიან, ცხადყოფს, რომ პროკურატურა აღნიშნულის გამოძიებით დაინტერესებული არ არის. 

ის, რომ დღეს მოსამართლეები, ვინც აქ არიან დასახელებულები, არც ადასტურებენ ამას და არც უარყოფენ, მათ შორის დასტურია იმის, რომ მათ, უბრალოდ, არ უნდათ დღეს, ამ პირობებში, ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ პროკურატურა ამის გამომძიებელი არ არის. აქ არა მხოლოდ საუბარი არის სამოხელეო დანაშაულებზე და ეს სამოხელეო დანაშალები კიდევ მსუბუქად ნათქვამია, ანუ საუბარია ძალიან მძიმე სამოხელეო დანაშაულებზე და კორუფცილ დანაშაულებზე, არამედ საუბარია ასევე ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ზეწოლისა და მფარველობის შესახებ სასამართლო სისტემაში, ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ალავიძემ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული სკანდალური ჩვენების შემდეგ გაამჟღავნა ჩანაწერები, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ ანაწილებდნენ გავლენიანი პირები სასამართლო საქმეებს მოსამართლეებს შორის. ყოფილი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ზეწოლა მოწმეებზე, მათ შორის დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილზე, და აცხადებს, რომ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი მის ლიკვიდაციასაც შეეცდება.