"ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს ფეისბუქ პოსტებს" - ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა
გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე ეხება ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას.
ირკვევა, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისთვის დასმული კითხვები მის ფეისბუქპოსტებს და ასევე ფონდებში გადარიცხული თანხების მიზნობრიობას ეხებოდა.
ქადაგიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე ათასი ლარი აქციაზე ნაცემი და ნაწამები ადამიანებისთვის ნამდვილად გადარიცხა და ნანობს, რომ მეტის გადარიცხვის საშუალება არ ჰქონდა.
კანონმდებლობა კრძალავს დეტალებზე საუბარს. დახურული გამოკითხვა იყო, როგორც ადვოკატმა ამიხსნა. ერთადერთი, შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს ფეისბუქ პოსტებს და რას ვგულისხმობდი ფეისბუქპოსტების ქვეშ. ჩემი ყველა ფეისბუქპოსტი არის საჯარო, შესაბამისად, ყველა ეს კითხვა ეხებოდა ჩემს მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელსაც ვაკეთებ სოციალური ქსელით. დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, ზუსტად იგივე გავიმეორე, რასაც სულ ვამობ. მაქვს გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი დახმარების ფონდებში ნაცემი, ნაწამები ადამიანების დასახმარებლად. ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტის შესაძლებლობა არ მქონია, - თქვა ქადაგიძემ ჟურნალისტებთან გამოკითხვის შემდეგ.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის დეტალებზე კომენტარი გააკეთა გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესმა ნათლად აჩვენა "ოცნების" ხელისუფლების ინტერესის რეალური მიზანი - არა ფინანსური ოპერაციების შესწავლა, არამედ მოქალაქეთა საჯარო პოზიციების კონტროლი და დაშინება.
ჩვენ ვიხილეთ დიქტატურის კლასიკური გამოვლინება, ის, რაც ხდება რუსეთსა და ბელორუსში. გამოკითხვის ხაზი, ძირითადად, ეხებოდა ფეისბუქპოსტების ანალიზს, როცა პროკურატურა კითხულობდა ფეისბუქპოსტებს, ხშირ შემთხვევაში, ისე, რომ შინაარსი არ ესმოდათ და დაკითხვის დროსაც რამდენჯერმე გამოვლინდა ანუ უბრალოდ, აზრის გამოტანის პრობლემასთან გვქონდა საქმე, და ეხებოდა, ზოგადად მოწმის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. მიაჩნია თუ არა ხელისფლება ლეგიტიმურად და სხვა მსგავსი სისულელეები, რომელსაც, ბუნებრივია, გამოძიებასთან და სისხილს სამართლის საქმესთან არავითარი საერთო არ აქვს. მას კითხვას უსვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როცა დაწერა, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, რას გულისხმობდა ამაში. ასევე იყო, მაგალითად, "უნდა ვიყოთ ბევრი ხალხი რუსთაველზე", ეს არის თუ არა აქციის ორგანიზატორობა, რაც, ბუნებრივია, წმინდა წყლის სისულელეა. მიზანს რაც შეეხება, მიზანი არის, ცხადია, იმ ადამიანების დაშინება, ვინც მონაწილეობას დემონსტრაციებში. ეს არის ერთი პატარა ტოტი იმ ხისა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
კომენტარი გააკეთა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემაც, რომლის თქმით, გამოძიებას ყველაზე მეტად გიორგი ქადაგიძის მოტივაცია აინტერესებდა - რატომ რიცხავდა თანხებს და რას გულისხმობდა თავისი საჯარო პოსტებით.
ჩვენ ძირითადად, მისი მოტივაცია გვაინტერესებდა, რა მიზნით რიცხავდა ამ თანხებს. და მეორე, ძირითადად, რაც ჩემი აზრით, მთავარი იყო, ეს ეხება აქციის დროს, ესაა 2024 წლის 28 ნოემბრიდან ბატონი გიორგი აქტიური იყო განსაკუთრებით აქციების დროს. ძირითადად, კითხვები იყო ისეთი შინაარსის გამოსვლაზე, სადაც ის საუბრობდა ხელისუფლების დამხობაზე და საუბრობდა სისტემის ჩამოშლაზე, - თქვა ლაშა კოტრიკაძემ.
პროკურორმა ასევე დაანონსა, რომ ე.წ. პირბადეების საქმეზე გამოკითხვები გაგრძელდება.