გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი ვახო ფიცხელაური დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით აქტივისტი, ვახო ფიცხელაური დააკავეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის საკუთარი მაღაზიიდან ნიღბიანებმა გაიტაცეს.
ვახო ფიცხელაურის ცოლი, თეო ბზიშვილი მის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ ადგენს.
გაუჩინარდა დღეს საღამოს და გავიგე სრულიად მოულოდნელად, სამსახურში ოდნავ მეტხანს მომიწია გაჩერება.
მაშინვე ვიფიქრე, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ამ დრომდე არ ვიცი რა ხდება, დაზუსტებით. არ ვიცი, შეიძლება იმ გამტაცებლებსაც კი ჰყავთ მართლა. ფიზიკურად ვერ მოვიპოვე ვერსად ინფორმაცია, ვერც სახალხო დამცველის აპარატში, ვერც ვერცერთ იზოლატორში და ყველგან ჩამოვრეკე.
გავიგე, ოღონდ ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩემთვის და ყველასთვის, რომ ვახო წაიყვანა პოლიციამ. საერთო ნაცნობს დაუკავშირდნენ და იმას უთხრეს, რომ ვახო მგონი პოლიციელებმა წაიყვანესო.
დიქტატურაში, ალბათ, ეს არის ის უბედური შემთხვევა, როცა ადამიანს, ვისაც ეგ ინფორმაცია კრიტიკულად სჭირდება, პირდაპირ ვერ ურეკავ და ვერ ეუბნები, რომ შენი ქმარი წაიყვანეს, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. ამ დრომდე არ ვიცი სად არის," - ამბობს თეო ბზიშვილი.
ცნობისთვის, ფიცხელაური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. მას დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, თავს დაესხნენ და სცემეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საქმე არ გამოუძიებია.
[ფოტო: არქივი]