შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა
შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, "იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი", მათ შორის 2 პირი მიმალვაში იმყოფება.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სმაინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი.
ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..
2 პირი ჯერ-ჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აქვე, საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას, იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული 2 პირის შესახებ:
ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..
რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის, შესაბამისად დაკავებული პირი გათავისუფლდა.
რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე sim-ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.