მსოფლიო ბანისა და მასთან ერთად დაკავებულების პროცესი - სასამართლოში სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების - მსოფლიო ბანის, ექს პროკურორის, ორი პოლიტიკოსის და პოლკოვნიკის პროცესი მიმდინარეობს, სპეცრაზმის და საბადრაგო სამსახურის უპრეცედენტო მობილიზებაა.
ამ წუთებში, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
სასამართლო პროცესი 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, სხდომისთვის კი ისეთი დარბაზი შეირჩა, სადაც მხოლოდ 50 ადამიანი ეტევა. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პერიმეტრზე ბევრი სამართალდამცველია, დარბაზში 50 დამსწრეც კი ვერ შევიდა, მათ შორის დარბაზს მიღმა დარჩა ენმ-ს თავმჯდომარე და სხვა ლიდერებიც.
„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ დაკავებულ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ფოტო: პუბლიკა