ადვოკატი: გუშინ დაკავებული 63 წლის კაცი მძიმე სენს ებრძვის

07.10.25 11:32
ადვოკატი: გუშინ დაკავებული 63 წლის კაცი მძიმე სენს ებრძვის

 

 

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს, ადვოკატის, გურანდა ქურდოვანიძის თქმით, რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.  

უფლებადამცველის განცხადებით, შუახნის მამაკაცი სიმსივნეს ებრძვის. 

გურანდა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ალექსანდრე გოგოლაძე პოლიციამ მშვიდ ვითარებაში დააკავა. დანარჩენი დეტალები კი ამ დროისთვის უცნობია. 

დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში. შევდივარ ახლა უნდა ვინახულო, მდგომარეობა გავიგო მისი, შესაბამისად დამატებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ მასთან დაკავშირებით. 

ალექსანდრე გოგოლაძე არის 63 წლის, პენსიონერი, საკმაოდ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქვს ე.წ. სიმსივნე," - განაცხადა ადვოკატმა. 

გურანდა ქურდოვანიძე 13 დაკავებულს შორის კიდევ ერთი პირის, მანუჩარ მიქელაძის ადვოკატია. უფლებადამცველის თქმით, ამ დრომდე ვერ ადგენენ სად გადაიყვანეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

ამ დრომდე ჩემთვის უცნობია მანუჩარ მიქელაძის ადგილსამყოფელის შესახებ და რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში შევეცდები მისი ადგილსამყოფელი დავადგინო და მოხდეს მისი მონახულება. ფიზიკურად ვერ მივაკვლიეთ აღნიშნულ პიროვნებას. 

საკმაოდ მძიმე მუხლებით არის [გამოძიება დაწყებული] და ველოდებით იმ მუხლების შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას, რითაც დაიწყო გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ. 

კადრები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გამოქვეყნებული არ არის ნამდვილად ჯგუფური მოქმედება იმ პირებისა, რომლის მიმართაც დაიწყეს გამოძიება, შესაბამისად ყველა ის ქმედება, რომელიც ამ პირებს ბრალეულობას შერაცხავს უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და ამ ეტაპზე მტკიცებულებები არასაკმარისია," - ამბობს გურანდა ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება. 

მსგავსი სიახლეები