ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ვახო ფიცხელაურზე პოლიციამ იძალადა
ოჯახის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტზე, ვახო ფიცხელაურზე პოლიციამ იძალადა.
მისი ცოლი, თეო ბზიშვილი აცხადებს, რომ აქტივისტის დაკავების დროს ადგილი ჰქონდა, როგორც ფიზიკურ ძალადობას და ძალის გადამეტებას, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. მისივე თქმით, ვახო ფიცხელაურს ხელებზე და ზურგზე დალურჯებები აღენიშნება.
ვახოს დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა, როგორც ფიზიკურ ძალადობას და ძალის გადამეტებას, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. არ ვიცი, შესაძლოა სხვა პატიმრების შემთხვევაშიც ჰქონდა მსგავსს ადგილი, მაგრამ ზუსტად ახლა, 10 წუთის წინ შემხვდა კადრები დაკავების, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, საკუთარი 2 თვალით შეუძლია ნახოს, როგორი ძალადობის მსხვერპლი არის ვახო, უკანა კადრში ყველა დავინახავთ, რომ შეჰყავთ დაგლეჯილი შარვლით.
ვახოც იქიდან მატყობინებს შემდეგს - ველოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ მსგავს სიგიჟეს არ ველოდი, ჯერ ყველაფრის გახსენება მჭირს. ხელებზეც დალურჯებები აქვს, ზურგზეც დალურჯებები აქვს, ერთადერთი, ამ ეტაპზე გამტაცებლებისგან განსხვავებით სახე დაინდეს, თუმცა გამტაცებელიც სისტემა არის ჩემთვის, ამაში 2 აზრი არ არსებობს, ამის საპირისპიროში ვერავინ ვერ დამარწმუნებს," - განაცხადა თეო ბზიშვილმა.
აქტივისტის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ვახო ფიცხელაურს სისხლის სამართლის წესით დაკავებით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის მათ ბედს გაიზიარებდა, ვინც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში იყო დაკავებული.
დაკავების დროს ადგილი ჰქონდა როგორც მინიმუმ ფიზიკური ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ასე ვთქვათ ერთგვარ აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ თითქოს მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითად საუბრები, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ასევე ვახო ადასტურებს.
ძირითადად მუქარა მიმართული იყო მისი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით, ანუ ემუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში, საუბარი არის პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე," - ამბობს გიორგი ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.
[ფოტო: არქივი]