"ბატონო პაატა, აბრძანდით და თქვენი სახელი და გვარი თქვით" - მოსამართლე მსოფლიო ბანს

07.10.25 11:59
"ბატონო პაატა, აბრძანდით და თქვენი სახელი და გვარი თქვით" - მოსამართლე მსოფლიო ბანს

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მსოფლიო ბანს პროცესზე სახელისა და გვარის დასახელება სთხოვა. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების სასამართლო სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბატონო პაატა, აბრძანდით და თქვენი სახელი და გვარი თქვით, - მიმართა მოსამართლემ პაატა ბურჭულაძეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების - მსოფლიო ბანის, ექს პროკურორის, ორი პოლიტიკოსის და პოლკოვნიკის პროცესი მიმდინარეობს, სპეცრაზმის და საბადრაგო სამსახურის უპრეცედენტო მობილიზებაა. 

ამ წუთებში, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.