გუშინ დაკავებული 13 პირი ბრალდების წარდგენას ელოდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი ბრალდების წარდგენას დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება.
სავარაუდოდ, დღის განმავლობაში დაკავებულ პირებს გამომძიებლები მოინახულებენ, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ედავება სახელმწიფო ბრალდება აქციის მონაწილეებს.
უფლებადამცველების თქმით, საქმის მტკიცებულებები მათ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გადაეცემათ.
ჯერ-ჯერობით დეტალები არ ვიცით ბრალთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს აღნიშნული გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ," - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.
ასევე, შსს-მ კიდევ 2 პირზე ძებნა გამოაცხადა.