4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან ადვოკატები მივიდნენ - რას ამბობენ უფლებადამცველები

07.10.25 18:23
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან ადვოკატები მივიდნენ - რას ამბობენ უფლებადამცველები

დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირიდან, 5-ია მოთავსებული, ადვოკატები მივიდნენ. ისინი ადგილზე გამომძიებლებს ელოდებიან, რომლებმაც დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უნდა გააცნონ.

ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჟღენტის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, გათავისუფლებისთანავე კი უკვე ახალი ბრალი გააცნეს, რომელიც მის წინააღმდე სისხლის სამართლის მუხლით აღიძრა. 

არ ვიცი კონკრეტულად ბრალის შესახებ ფორმულირება, არ ვიცით კონკრეტულილ მუხლი გარდა ზოგადად გაჟღერებული მუხლებისა. დავით ჟღენტი დაკავებული ჰყავდათ 3 დღის წინ ადმინისტრაციული წესით. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მას შემდეგ, რაც გავიდა ერთი დღე-ღამე, გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე, გააცნეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს შესაბამის ორგანოში. მას შემდეგ, რაც იგი გაათავისუფლეს იზოლატორიდან, უკვე გადაიყვანეს როგორც გათავისუფლებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, შეუდგინეს სისხლის სამართლის წესით დაკავების ოქმი და შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამბობს დავით ჟღენტის ადვოკატი. 

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე დიაგნოზი აქვს და არ გამორიცხავს, რომ ის აქციაზე საერთოდ შემთხვევით მოხვდა.  

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის არის საკმაოდ მძიმედ დაავადებული. მას აქვს სიმსივნე, ასევე გადატანილი აქვს არც თუ დიდი ხნის წინ გულის ინფარქტი. აპოლიტიკური პიროვნებაა და არ მგონია, რომ რამე როლი ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ, შემთხვევით იყოს იმ ტერიტორიაზე მოხვედრილი, - ამბობს ინტერესების დამცველი.  

კიდევ ერთი დაკავებულის ინტერესების დამცველი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორბელიანების მოედანზე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა არცერთ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.  

არ უარყოფს, რომ იყო ტერიტორიაზე, ორბელიანის მოედანზე, მაგრამ არანაირ მოქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. ყოველგვარ დანაშაულის ჩადენას უარყოფს აბსოლუტურად, ნებისმიერი სახლის დანაშალს, ძალადობას, მითუმეტეს. ვინც არიან დაკავებულები, ის არ იცნობს. ბრალდების შემდეგ უფრო ჩამოვყალიბდებით დაცვის ტაქტიკის მიმართულებით, - ამბობს ადვოკატი.  

დაკავებული დავიტ სტურუას უფლებადამცველი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ისი თქმით, დავით სტურუა დაკავებულებიდან არცერთს არ იცნობს.  

მისი პოზიცია არის, რომ მას არანაირი დანაშაულებრივი ქმედება აღნიშნულ დღეს არ განუხორციელებია. არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ მან ის ჯებირი ჩამოანგრია, ან რაღაცა დაზიანება მიაყენა აღნიშნულ ჯებირს. რაც შეეხება ჯგუფურობის ნაწილს, დავით სტურუა 300 დღეზე მეტია უწყვეტად რუსთაველის პროტესტშია. არცერთს არ იცნობს, არცერთთან არანაირი გადაკვეთა არასდროს ჰქონია, - ამბობს უფლებადამცველი.  

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.

ასევე, შსს-მ კიდევ 2 პირზე ძებნა გამოაცხადა. 

 

მსგავსი სიახლეები