შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში და ფიზიკურად გაუსწორდნენ - დავით ჟღენტის ადვოკატი
4 ოქტმბრის აქციაზე დაკავებული დავით ჟღენტი გდდ-ს თანამშრომლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სცემეს. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
ინტერესების დამცველის თქმით, ჟღენტს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხილული დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია სახალხო დამცველიც.
დავით ჟღენტი დაკავებული იყო 48 საათი ადმინისტრაციული წესით. 48 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს დავით ჟღენტი, დახვდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შეადგინეს დაკავების ოქმი, გადაიყვანეს დეპარტამენტში. შესაბამისად, დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. იყენებს დუმილის უფლებას.
დავით ჟღენტი არის ნაცემი ფიზიკურად. მას ხილულად აღენიშნება დაზიანებები როგორც ხელზე, ასევე მაჯებზე, აქვს ესკორიაცები, სისხლჩაქცევები, ასევე ნაკაწრები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს გდდ-ს თანამშრომლებმა, შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში და როგორც დაკავების პროცესში და არა მარტო, დაკავების შემდგომ პრეზიდენტის სასახლეში შიგნით მის მიმართ ხორციელდებოდა არაერთი პირის მიერ ფიზიკური ძალადობა.
საქმის კურსშია სახალხო დამცველი. 4 რიცხვიდან სახალხო დამცველმა იცის აღნიშნული ფაქტის შესახებ, შესაბამისად, ველით მათ მიმართ განხორციელებულ შესაბამის მოქმედებებს, - ამბოლბს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.
ასევე, შსს-მ კიდევ 2 პირზე ძებნა გამოაცხადა.