ადვოკატის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - უფლებადამცველი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

08.10.25 13:30
ადვოკატის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - უფლებადამცველი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 13 პირიდან 4-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. საუბარია ევა შაშიაშვილზე, დავით სტურუაზე, აბო ნავერიანსა და თორნიკე მჭედლიშვილზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ქალის, ევა შაშიაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ესაჭიროება და ამ თხოვნით ის პროკურატურას აღკევთის ღონისძიებაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ მიმართავს. 

ამირან ბურდული ასევე ამბობს, რომ შაშიაშვილს მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს და ამიტომ გეგმავს, სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს. 

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ. დუმილის უფლებას ირჩევს ის ჯერჯერობით. პრობლები აქვს მასაც და ოჯახის წევრიც მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს, 24 წლის გოგონა. ბრალის დადგენილებაში არის ჯუფურ ძალადობაში მონაწილეობა. თვითონ ამბობს, რომ ერთი ქვა ვისროლეო. ძალიან ბევრი მასალებია და მე არ გავცნობივარ ჯერ - გავეცნობი. არავის იცნობს. ვინაიდან, როგორც მითხრა, ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს, მოვითხოვ ალბათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, გარკვეული თანხის შეფარდებას, - ამბობს ამირან ბურდული. 

როგორც ადვოკატები ამბობენ, მთავარ მტკიცებულებად გამოძიებას ვიდეკადრები აქვს წარმოდგენილი, თუმცა მათი შეფასებით, აღნიშნულ კადრებში ძალადობრივი მოქმედებები არ ჩანს.

დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დამცველი ასევე ყურადღებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს. მისი თქმით, გოგოლაძეს სიმსივნე აქვს და ასევე გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, ამიტომ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. 

მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენილია ვიდეოკადრები, მაგრამ ამ ვიდეოკადრებით საერთოდ არანაირად არ დასტურდება ძალადობის ფაქტი ან მცდელობა, თითქოს სახელმწიფო მნიშვნეობის ობიექტის ხელში ჩაგდება და ა.შ. რეალურად, ბრალში მითითებული აქვთ კიდევ, თითქოსდა ბატონი პაატა ბურჭულაძის ორანიზებული გეგმის მიხედვით თითქოსდა მოქმედებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არათუ პაატა ბურჭულაძეს, არამედ აქციის მონაწილე არცერთ წევრს არ იცნობს. 

სასამართლოს მივმართავს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. არის ხანდაზმული მამაკაცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ვინაიდან მას აღენიშნება სიმსივნე, ასევე მას რამდენიმე თვის წინ გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნა შეუძლებელია, - ამბობს გიორგი ჭოჭუა. 

4-ვე ბრალდებულს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ყველა ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები