ცნობილია, რატომ გადაიყვანეს დაკავებული მამუკა ლაგუჩიძე მოდულის შენობაში

08.10.25 13:50
ცნობილია, რატომ გადაიყვანეს დაკავებული მამუკა ლაგუჩიძე მოდულის შენობაში

ცნობილია, რატომ გადაიყვანეს დაკავებული მამუკა ლაგუჩიძე მოდულის შენობაში. ადვოკატი ამბობს, რომ მიზეზად შსს-მ ის გარემოება დაუსახელა, რომ იზოლატორებში ადგილი აღარ იყო. 

აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა ლაგუჩიძე ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და არც ის იცის, დევს თუ არა საქმეში რაიმე მტკიცებულება მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. 

როგორც მითხრეს, სხვა იზოლატორებში ადგილი არ იყო, აქედან გამომდინარე სთხოვეს დახმარება და ამიტომ მიიღო მოდულის შენობაში. აქციაზე ყოფნას აღიარებს, თუმცა იმ ზოგადი მუხლებით, რა მუხლებითაც მიმდინარეობს გამოძიება, ჯგუფური ძალადობა თუ სხვისი ქონების დაზიანება და ა.შ., აღნიშნული ქმედების ჩადენის ფაქტს არ აღიარებს. მის წინააღმდეგ რაიმე კადრი, მტკიცებულებები არსებობს თუ არა, ჯერ არ ვიცი, იმიტომ, რომ საქმის მასალები არ ვიცი. როგორც ვიცით, დაკავებლია 4 ოქტომბრის აქციის ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიებაც მიმდინარეობს 4 მუხლით, თუმცა რა კვალიფიკაციით და რა ქმედებას ედავება ბრალდების მხარე, ჯერ არ ვიცით, - ამბობს ადვოკატი. 

7 ოქტომბერს შსს ამავე საქმეზე კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება, 6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი:

  • პაატა ბურჭულაძე,
  • მურთაზ ზოდელავა,
  • პაატა მანჯგალაძე,
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლაშა ბერიძე.

მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები