რა უთხრა სასამართლოს მძიმე დიაგნოზის მქონე 63 წლის კაცმა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს

08.10.25 19:26
რა უთხრა სასამართლოს მძიმე დიაგნოზის მქონე 63 წლის კაცმა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს

"ვერსად მე ვერ გავიქცევი. 63 წელი აქ ვიცხოვრე" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლოში განაცხადა. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში,  4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 4 პირის - ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას და კახაბერ მჟავანაძის, სხდომა მიმდინარეობს.
  • დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. 

63 წლის კაცის თქმით, ის აქციიდან ნახევარ საათში სახლში დაბრუნდა. მისივე განმარტებით, მას პრეზიდენტის სასახლის ღობისთვის ხელი მე არ მოუკიდია - "თუ მე რამე მართლა დავაშავე. პასუხს ვაგებ, მაგრამ არაფერზე ხელი მე არ მომიკიდია".

ეს ფაქტი, რომ მე აქ ვარ, ეს ძალიან დიდი დანაშაულია უკვე ჩემთვის. ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმისთვის, რომ იყოს სიკეთე და არ იყოს ბოროტება. ჩემი მხრიდან, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დიდ უხერხულობას ვგრძნობ, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდეს იქ, სადაც მე უნდა ვიყო, კამერაში. დამატებით კარების გაღება და ა.შ.

სად უნდა გავიქცე? ჩემს დასაკავებლად მოსულებს ვუთხარი, რატომ ამდენი ხარჯი, თვითონ მოვიდოდი. იქ რომ ვიყავი აქციაზე, იქაც უხერხულობა იყო უკვე ჩემთვის და ნახევარ საათში სახლში დავბრუნდი. თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება.

ვერსად მე ვერ გავიქცევი. 63 წელი აქ ვიცხოვრე. თუ მე რამე მართლა დავაშავე. პასუხს ვაგებ, მაგრამ არაფერზე ხელი მე არ მომიკიდია. აბსოლუტურად არაფერზე," - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.

ადვოკატის განმარტებით, გოგოლაძეს სიმსივნე აქვს, მას ასევე გადატანილი აქვს გულის ინფარქტი.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები