"დაკავებისას მცემეს! ერთი გდდ-ს თანამშრომელი იყო" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით ჟღენტი
4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებული დავით ჟღენტი ამბობს, რომ დაკავებისას მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.
დღეს ჟღენტმა, სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ხელი გდდ-ს თანამშრომელს და მიხეილ ყაველაშვილის დაცვის წევრს დაადო.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
"დაკავებისას მცემეს! ერთი გდდ-ს თანამშრომელი იყო, მეორე კი მგონი, პრეზიდენტის დაცვა, კეთილი სურვილით მივედი, ბუშტებით. მცემეს და აქეთ მიჭერენ 6 წლით", - განაცხადა ჟღენტმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 4 პირის - ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას და კახაბერ მჟავანაძის, სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავს.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული.