"როცა მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე უკვე წაქცეული იყო" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახა მჟავანაძე
"როცა მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე უკვე წაქცეული იყო" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კახა მჟავანაძემ სასამართლოში განაცხადა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 4 პირის - ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას და კახაბერ მჟავანაძის, სხდომა მიმდინარეობს.
- დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
კახა მჟავანაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან სულ 5 წუთი გაჩერდა - "კი ბატონო, ვეჯაჯგურებოდი ჭიშკარს 20 წამი სულ. შესვლა თუ ვინმეს უნდოდა, ღობე წაქცეული იყო და შევიდოდი".
დაკავბეულის თქმით, აქციაზე სახე არ დაუფარია, რადგან არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, რომ სასჯელი დამუქრებოდა.
როცა მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე უკვე წაქცეული იყო. ზოგი გაზის მოქმედების ქვეშ იყო, ზოგი გარბოდა. ჩემი პროტესტის გამოხატვის მიზნით, მივედი და კი ბატონო, ვეჯაჯგურებოდი ჭიშკარს 20 წამი სულ. შესვლა თუ ვინმეს უნდოდა, ღობე წაქცეული იყო და შევიდოდი. ზუსტად 5 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. მერე უკან გამოვბრუნდი. პოლიციის დანაყოფები და წყლის ჭავლის მანქანა მოდიოდა. ბევრ მიტინგზე ვარ ნამყოფი, გამოუცდელი არ ვარ და წამოვედი. ერთი საათი გავჩერდი პარლამენტთან და წავედი ვანში. 5 წუთი ვიმყოფებოდი სასახლესთან და 20 წამი ვეჯაჯგურებოდი, კი თუ ამის გულისთვის 4 წლით მიშვებთ ციხეში, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა.
მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება, არც ქუდი მქონია, არც კეპი. პოლიციელები მეუბნებოდნენ, დაგეფარა სახეო. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი, რომ სასჯელი დამმუქრებოდა. ღამის 11 საათზე შემოცვივდნენ 5 პიკაპით. გამოსული ვიყავი და მივხვდი, გავიგე, რომ ჩემთან იყვნენ, გამოვედი, აგერ ვარ, აქ ვარ-მეთქი. სიცილით წამოვიდნენ.
4 ადამიანი ვსხედვართ, უმაღლესი განათლებით, არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დახურული. რა შუაში ვარ მე, ჭიშკარს თუ ვეჯაჯგურებოდი და ვიღაცა ეზოში შევიდა. ავტობუსით, რომ მივდიოდე და იქ რამე დააშავოს ვინმემ, მეც უნდა დამაკავონ? შეიძლება ერთმანეთთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჯგუფურობა რა შუაშია?
ჯანმრთელობის მდგომარეობებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მომიწევს აღვნიშნო. მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ახლა გავიგე. ერთი კვირაა, რაც დიალიზზეა გადაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში რამდენჯერმე ვანიდან ქუთაისში უნდა გადავიყვანოთ პროცედურისთვის, რაც ხანგრძლივი და მძიმე პროცედურაა. მეუღლე ოჯახში მარტოა, ვჭირდები," - განაცხადა კახა მჟავანაძემ.
[ფოტო: ლევან ზაზაძე]