უწყვეტი პროტესტის 315-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა - მოქალაქეებს საზ.მაუს. მარშის მონაწილეები შეუერთდნენ
უწყვეტი პროტესტის 315-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაძრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.
2 დღეა კობახიძე ფსიქოლოგიურად კალაპოტიდან ამოვარდნილია და დაჭერებით ემუქრება ქვეყნის უნიკალურ, კრეატიულ ახალ თაობას. გამოტენეს ციხეები უდანაშაულო ქართველებით. დიახ, ყველგან და აქტიურად, ყველგან იქნება ჩვენი ხმა, ცვენ არ გავჩერდებით. კობახიძე ჩვენ ვერ დაგვაჩოქებს, მალე გავისტუმრებთ კანცელარიის ოთახიდან," - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილემ.
ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ორგანიზატორებმა, შოთა რუსთაველის ძეგლთან, ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინეს:
- პირველი: საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში - პარკებში, მეტროს სადგურებში თუ ბაზრობებში - იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
- მეორე: მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას - არა ყოველდღიური ტრაექტორიის გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას; კონკრეტული თემით განსაზღვრულ, დათქმულ თარიღებში, საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
- მესამე: ანალოგიური შეთავაზება კრიტიკულ მედიებს, რა მოთხოვნებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართ გვაქვს. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფი ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი, პოლიტიკური სახეების სათქმელს.