ექიმი ნათია ხარატის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს
მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერი, ექიმი ნათია ხარატის განცხადებით, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
ნათია ხარატის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის Facebook პოსტებს უკავშირდება.
რამდენიმე თვე ვმუშაობდი ისე, რომ ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული... 30 სექტემბერს გამომიგზავნეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა 17 სექტემბერს. თურმე, გამიფორმეს ხელშეკრულება სამი თვით და გამოსაცდელი ვადით. ვთქვი, რომ თუ ხელშეკრულების ვადა უკვე ამოიწურა, უნდა ეთქვათ და აღარ მოვამზადებდი ახალ სამედიცინო დასკვნებს. მითხრეს, დირექტორს დაელაპარაკეო.
დირექტორმა თავის კაბინეტში მითხრა, კოლეგებს თქვენზე კარგი წარმოდგენა აქვთ და მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო. მე თქვენგან პოლიტიკურად სრულიად საპირისპიროს ვფიქრობო…
აღარ მითქვამს, აბა, ისე ვინ დაგნიშნავდათ ახალ დირექტორად-მეთქი. ვუთხარი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. დამეთანხმა და იქვე აღნიშნა – მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირებაო," - უთხრა ნათია ხარატმა "ბათუმელებს".
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი "ბათუმელებთან" ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან "პირად საუბრებში" ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
ჯანდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია თანხმობა [ნათია ხარატთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე]… ყველა საკადრო გადაწყვეტილებას სამინისტროსთან ვათანხმებთ აუცილებლად...
ეს იყო პირადი საუბარი [ნათია ხარატთან], პირადი საუბარი ერთია, საქმიანი საუბარი – მეორე. რაზე ვესაუბრე მე ნათია ხარატს, თქვენ რატომ უნდა გესაუბროთ? მე თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან, კომენტარის გარეშე….
ყველა აბსოლუტურად თავისუფალია თავის პოლიტიკურ შეხედულებებში. ჩემი პირადი საუბარი ქალბატონ ნათიასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა მის დანიშვნა-არდანიშვნასთან,“ – განაცხადა კახა აღამანაშვილმა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.