4 ოქტპმბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 12 პირი დააკავა

08.10.25 22:02
4 ოქტპმბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 12 პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნულ საქმეზე უკვე 35 პირია დაკავებული. მისივე განცხადებით, შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნულ ბრიფინგზე, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით დაკავებული ადამიანების ინიციალები აღარ გამოაცხადა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს. 

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის, ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. 

შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. 

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

მოგვიანებით შსს-ს საიტზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულთა ინიციალებია: ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.

მსგავსი სიახლეები